ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რასა იუკნევიჩიანეს დღევანდელ განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს - ევროპარლამენტარმა ევროპარლამენტში თქვა, რომ "დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას, დეივანიშვილიზაციას".
"ქალბატონი რასას განცხადება იყო უბრალოდ სამარცხვინო. მეორეც, მისი განცხადება ფაქტობრივად იმეორებს იმას, რაც ჩაიწერა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვჭირდება განმარტებები. სიტყვების დამარცვლა კი არ არის საჭირო, საჭიროა ფაქტების მოყვანა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმართება ქვეყანა. არავითარი ფაქტები, არავითარი არგუმენტები, არის მხოლოდ დამარცვლული სიტყვები, მათი დამარცვლული სიტყვები საქართველოში არავის სჭირდება". - თქვა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო ტელეარხ იმედის ეთერში.
მისივე თქმით, ვერავინ ახსნა, "როგორ, რა ფორმით არის ჩართული ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში და როგორ შეიძლება ახერხებდეს გამოჩენის გარეშე მთელი სახელმწიფოს კონტროლს, რასაც ამტკიცებენ".
"ეს რო ამტკიცო, არ ვიცი, რამდენად შეიძლება, ეს სერიოზულად ამტკიცოს ვინმემ, მაგრამ მაშინ აღიარონ, რომ ამ ადამიანს ხელს უწყობს ზებუნებრივი ძალები. არც ამას აღიარებენ და თან ჯიუტად იმეორებენ იმავეს". - ამბობს კობახიძე.
დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ეს ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილს არ ეხება. თუმცა, ევროპარლამენტარებმა არაერთხელ გაიმეორეს, რომ ერთადერთი ოლიგარქი და არაფორმალური მმართველი საქართველოში სწორედ ბიძინა ივანიშვილია.